სამეცნიერო ცენტრი
დაარსების წინაპირობა

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა.  აქ ქრისტიანობა I საუკუნეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა, მატათამ, ბართლომემ და თადეოზმა.

IV საუკუნის დასაწყისში წმ. ნინოს მოცი­ქულებრივი მოღვაწეობით წმ. მეფე მირიანმა აღიარა ქრისტიანობა და გამოაცხადა იგი სახელმწიფო რელიგიად.
V ს-ში წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით სა­ქართველოს მართლმადი-
დებელი ეკლესია გახდა ავტოკეფალური.

ქრისტიანულმა სარწმუნოებამ საქართველოში განსაზღვრა ქართული ცივილიზაციის სახე, ქართველობის პოლიტიკური ბედი, იდენტობა და ეროვნული თვითშეგნება. წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე – 1837-1907) აღნიშნავდა, რომ ქრისტიანობა ჩვენში ნიშნავდა ქართველობას, ხოლო ქართველობა – ქრისტიანობას. ჩვენი მონასტრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ოდითგანვე  დიდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული აზროვნების განვითარებაში. მათ შორის გამორჩეულია პალესტინის, შავი მთის, სინას, ტაო-კლარჯეთის, ივერონის, პეტრიწონის მონასტრები, გელათისა და იყალთოს აკადემიები.

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად გაუქმდა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რასაც მოჰყვა მრევლის გაუცხოება ეკლესიური ცხოვრების მიმართ. დაკარგული ავტოკეფალიის აღსადგენად XIX-XX საუკუნეების დასაწყისში აქტიურად იბრძოდნენ სასულიერო და საერო მოღვაწეები.

ბოლშევიკური საქართველოს ხელისუფალთა ათეისტურმა პოლიტიკამ (1921-1990) დიდი დარტყმა მიაყენა ქრისტიანულ რწმენას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დააკნინა და დააძაბუნა იგი, აიძულა საქარ­თველოს მოსახლეობა ახალ კერპებსა და რწმენის ახალ სიმბოლოებს დამორჩილებოდა, შელახა მამა-პაპათა ტრადიციები, საზო­გადოების ყველა  ფენაში ძალით შეიტანა  მარქსისტულ-ლენინური მებრძოლი ათეიზმი, რაც გავრცელდა მეცნიერებაში, განსაკუთრებით – საზოგადოებათ-
მცოდნეობაში. საბჭოთა იდეოლოგებმა მეცნიერები  ხელოვნურად დააშორეს დედა-ეკლესიას, ინერგებოდა თვალსაზრისი მეცნიერებისა და რელიგიის შეუთავსებლობის შესახებ. ათეული წლების განმავლობაში ასეთმა ანტირელიგიურმა პოლიტიკამ სავალალო შედეგი გამოიღო – მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი რწმენის გარეშე აღმოჩნდა. საჭირო გახდა ხელოვნურად ჩატეხილი ხიდის აღდგენა, სარწმუნოებასა და მეცნიერებას  შორის ურთიერთობის განმტკიცება-განვითარება. 1977 წლიდან ამაზე დღენიადაგ ზრუნავს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

 © ICCS, 2011