02.02.2012
სარწმუნოება და მეცნიერება

საკაცობრიო ღირებულებების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს ბიბლია. საღმრთო სიბრძნემ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც უდიდეს სამსახურს უწევს ადამიანს. ბიბლიის მიხედვით ჭეშმარიტების შემეცნებისათვის საჭიროა როგორც რაციონალური (ლოგიკური, ცდისეული), ასევე ირაციონალური (ინტუიტიური, მისტიკური) გაგების, წვდომის, ჭვრეტის კულტურა. სარწმუნოებისა და მეცნიერების დაპირისპირება ნიშნავს შემეცნების საზღვრების შევიწროებას, სამყაროს შესახებ არასრული, ცალმხრივი წარმოდგენის შექმნას. ისტორიაში ყოფილა არაერთი მაგალითი როგორც მისტიკური ჭვრეტის წინაშე ლოგიკური აზროვნების როლის დამცირებისა, ასევე ცდისეული მეთოდის აბსოლუტური უპირატესობის აღიარებისა სულიერთან შედარებით. ქართული კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა გულისა და გონების ჰარმონიული მონაწილეობით შემეცნებისა და შემოქმედების პროცესში. ტაო-კლარჯეთისა და ათონის სკოლის ტრადიციების გამგრძელებელი გელათის აკადემიის უმთავრესი იდეა იყო კავშირი სულიერებისა და ინტელექტისა. ამიტომაც ეწოდა გელათის საღვთისმეტყველო კერას მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა.

წმინდა ილია მართალის მოსწრებული სიტყვით მე-19 საუკუნის წმინდა მღვდელთმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა. საქართველოში ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია.

წმინდა ილია მართალი გვახსენებს, რომ ისტორია ხსნის და გვითარგმნის "რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა _ რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებთ იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავს-ბრუ-დახვეულ კაცსავით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის თავზედ სასოება და იმედი ეკარგება და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!"...

"ჩვენ ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს"...

"... ის "სხვა რამე" არის _ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოვლის მოსალოდნელი ფათერაკისაგან. რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი იყო და დღესაც თავიდამ არ აგვცდენია, _ ყველასათვის ცხადზე ცხადია"...

"...აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ-კაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარ-ხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა უნდა ამოირჩიოს..."

"... ყოვლის ჩვენგანის მოქმედების საწყაო, საზოგადო საქმეებში, თუ ლიტერატურაში მარტო ის უნდა იყოს, თუ ვინ რამდენად ასრულებს და მისდევს ამ ჩვენთვის მოუცილებელს საგანსა და გზას. სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვისი ბაძი იქნება და არა ჩვენთვის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი."

ვაჟა ფშაველა წერდა: "ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის."

თვითმყოფადი ეროვნული კულტურების გარეშე ვერ შეიქმნება საკაცობრიო საუნჯე და პირიქით საკაცობრიო ღირებულებების გაუთვალისწინებლად ეროვნული ცნობიერება იქნება შეზღუდული და უნაყოფო.

ამ სულისკვეთებისადმი ერთგულებით ჩვენს თანამედროვეთა შორის გამოირჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის საღვთისმეტყველო და შემოქმედებითი მოღვაწეობა.

მისი უწმიდესობის აზრით, საქართველოს ეროვნული იდეა გულისხმობს სამი უდიდესი ღირებულების ერთიანობას. ეს ღირებულებებია _ ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. საკაცობრიო ღირებულებები ჭეშმარიტების შემეცნების ყველაზე საიმედო ორიენტირია ყველა ერისათვის, მაგრამ ამავე დროს ყოველ ერს მსოფლიო კულტურის საგანძურში შეაქვს თავისი განუმეორებელი ხელწერა, რითაც მდიდრდება და მრავალფეროვანი ხდება საკაცობრიო მემკვიდრეობა.

ჩვენი სემინარის უმთავრესი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები განხილულ იქნას ზემოხსენებული ფასეულობების ფონზე.

 პრეამბულა  - preambula.pdf

 თეზისები - tezisebi.pdf

 ბუკლეტი - "სარწმუნოება და მეცნიერება - bukleti_sarcmuneoba.pdf"

 გაშიფრული აუდიო მასალა.pdf

 სტატია სარწმუნოებაზე და მეცნიერებაზე - statia sarcmunoebaze da mecnierebaze.pdf

 პასუხი ზაზა ოსმანოვს  - pasuxi Zaza Osmanovs.pdf

 პასუხი ლექსი გერასიმოვს  - pasuxi aleqsi gerasimovs.pdf

 პასუხი ზაზა ოსმანოვს (2)  - pasuxi Zaza Osmanovs (2).pdf

სურათების სანახავად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

აუდიო მასალის მოსასმენად მიყევით ბმულს

 © ICCS, 2011