ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო შეხვედრები

III  საერთაშორისო სიმპოზიუმები ცენტრმა ჩაატარა სახელმწიფოსა და ეკლესიის პატრონაჟით:

2008 წლის 9-11 ოქტომბერს – სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  აღსაყდრებიდან 30 და დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: „ცივილიზაციათა დიალოგი – განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა“.

2007-2008 წლებში სრულიად საქართველო ზეიმობდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 და დაბადებიდან 75 წლის იუბილეს. სამეცნიერო ცენტრმა გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად (პრეზიდენტი აკად. მ. ქურდიანი) ამ მნიშვნელოვან თარიღს მიუძღვნა III საერთაშორისო სიმპოზიუმი: „ცივილიზაციათა დიალოგი – განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა”, რომელიც შევიდა საერთაშორისო  სამშვიდობო ფორუმის რეგლამენტში.

სამშვიდობო ფორუმი და სიმპოზიუმი გაიხსნა 2008 წლის  9 ოქტომბერს თბილისში,  სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზში. ფორუმს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმო­­მადგენლები. სიმპოზიუმში მონაწილეობდა ასამდე მეცნიერი, მათ შორის: ბულგარეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირანიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და ჩეხეთიდან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წარმოთქმულ სიტყვაში  აღნიშნა: ცივილიზაციათა დიალოგი გლობალიზაციის პროცესში ხელს უწყობს მცირე ქვეყნების სულიერი, კულტურული და მეცნიერული ფასეულობების შენარჩუნებას.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის  თავმჯდომარემ, აკად. დავით მუსხელიშვილმა სამშვიდობო ფორუმის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ  ცივილიზაციათა დიალოგი დღეს უკვე გლობალური პრობლემაა. ქართველებისათვის მუდამ იყო დამახასიათებელი ტოლერანტობა და ამდენად, გახსნილი იყო ცივილიზაციათა შორის დიალოგისათვის.

სამშვიდობო ფორუმმა განიხილა თანამედროვე საზოგადოებაში სულიერებისა და ზნეობრიობის შესუსტებით გამოწვეული პრობლემები და მიიღო მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი:

• მკვეთრად გაიმიჯნოს მარადიული ღირებულებები ფსევდოღირებულებებისაგან; 
• მეტი ყურადღება დაეთმოს მომავალი თაობის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პრობლემებს, რათა სწორად აღზრდილმა ადამიანმა თვითონ გააკეთოს გონივრული არჩევანი;
• ვეცადოთ ჩავაყენოთ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევები (მასმედია, ინტერნეტი და სხვ.) სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების სამსახურში.

სამშვიდობო ფორუმის ჩარჩოებში, უწმიდესისა და უნეტარესის ილია  II-ის აღსაყდრებიდან 30 და დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო  „თბილისი-მერიოტის”  საგამოფენო დარ­ბაზში გაიხსნა უწმიდესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა და ამავე შინაარსის ფოტოალბომის – „მზიანი ღამის” პრეზენტაცია.

სიმპოზიუმის მონაწილეთა საუკეთესო სტატიები, რომლებშიც ასახულია ცივილიზაციათა  დია­ლოგის აქტუალური პრობლემები, კრებულის სახით  ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა ამერიკის შეერთებული შტატების გამომცემლობაში “Nova Science Publishers”.

ამ იუბილესთან დაკავშირებით ცენტრმა ქართულ და ინგლისურ ენებზე მოამზადა ბუკლეტების კრებული.

 © ICCS, 2011