ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო შეხვედრები

2011 წლის 10-11 მაისს თბილისში ჩატარდა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი: ,,ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია”. სიმპოზიუმი მიეძღვნა წმინდა გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავს. ამ დიდ ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და სამონასტრო ცხოვრების ორგანიზატორს აქვს უდიდესი დამსახურება სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცების, ქართული კულტურის და საერთოდ, ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარების საქმეში.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მეცნიერები: ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

სიმპოზიუმს დაესწრო და მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ.

სიმპოზიუმს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი დავით ბაქრაძე.

სიმპოზიუმზე დამუშავდა ღვთისმეტყველების, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის აქტუალური პრობლემები, რომლებიც წარმოაჩენენ ქართველი ათონელი მამების გამორჩეულ ღვაწლს მართლმადიდებლური ცივილიზაციის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში. ყურადღება მიიპყრო მოხსენებებმა წმინდა გიორგი ათონელის ბიოგრაფიის უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდების, მის მიერ თარგმნილი ლიტურგიკული ძეგლების საღვთისმეტყველო მნიშვნელობის შესახებ. გამორჩეული იყო მოსაზრება კავკასიისა და მეორე ბიზანტიური თანამეგობრობის შექმნის ისტორიული კანონზომიერებებისა და მისი ფორმირების თავისებურებებზე. სიმპოზიუმზე განისაზღვრა ქართველი ათონელი ბერების როლი და მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში. შეფასდა ათონისა და კონსტანტინოპოლის სამწიგნობრო კერების მოღვაწეთა როლი ქართული მოხატული ხელნაწერების შექმნის საქმეში და ა.შ.

 © ICCS, 2011