10 ოქტობმერი, 2022 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 27 სექტემბერი)
მოწამისა კალისტრატესი და მისთანა 49-თა წამებულთა, ბიზანტიელთა, სტრატიოტთა (†304). ღირსი ეგნატე იღუმენისა(963-975). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ქრისტეს ბოლო ლოცვის შესახებ მორწმუნეთათვის „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე - შენში“ (ინ. 17:21)დიდია ღვთის მოწყალება, ძმებო: როდესაც მართალი იგრძნობს ამას, ტირის და როდესაც ცოდვილი იგრძნობს – რცხვენია. ღვთის მოწყალებით ჩვენ განვიწმინდებით, ვცხონდებით, ღვთის შვილად ვიწოდებით, ვუერთდებით ღმერთს, მაგრამ ღმერთთან ეს ერთობა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს არსებით ერთი ვხდებით და მისი თანასწორი. ჩვენ არასოდეს ვიქნებით ღვთის მსგავსი და თანასწორი იმგვარად, როგორცაა სამების სამივე ჰიპოსტასი – მამა, ძე და სულიწმიდა. „ყველა ერთი იყოს, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე - შენში“ – მიმართავს მაცხოვარი მამას თავისი მოწაფეების შესახებ და გულისხმობს სიყვარულით ერთობას და არა – არსებით. სიყვარული განაპირობებს ურთიერთმორჩილებას, ურთიერთდახმარებას, ურთიერთმოწყალებას, მოკრძალებას, თვინიერებას, სიკეთეს, კეთილგანზრახვას, თავგანწირვას... და როდესაც უფალი ბრძანებს: „იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა“ (მთ. 5:48) – მას ის კი არ სურს, რომ ადამიანები ღმერთს გაუტოლოს, არამედ მიანიშნოს მათ უზენაეს მაგალითზე, სრულყოფილების ნიმუშზე ყოველგვარ სიკეთეში. საქმე ისაა, რომ მრავალი ადამიანურად მასწავლებელი (და არა ღვთიურად) სრულყოფილების ნიმუშს ხედავდა და ხედავს ყველასა და ყველაფერში, მაგრამ არა ღმერთში. ასეთები ხშირად ადამიანებს ბოროტებასაც კი ასწავლიდნენ და სრულყოფილების მისაბაძ მაგალითად უსახავდნენ. ამიტომ მოუწოდებს უფალი ადამიანებს, რომ ზეციური მამა მიიჩნიონ ყოველგვარი სრულყოფილების ნიმუშად და სწორედ მას მიბაძონ და არა სხვას. ღვთის მოწყალებით, ჩვენ ღვთის შვილებად ვიწოდებით და ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში (გალ. 3: 28), მაგრამ ჩვენ არ ვხდებით ღმერთები, არ ვხდებით ყოვლადწმიდა სამების ჰიპოსტასთა თანასწორნი. არ დაგავიწყდეთ, რომ წმიდა წერილში წერია: „ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში“ (იობ. 15:15) ანუ ღმერთს ვერ შეედრებიან ზეციური ძალები, მით უმეტეს ადამიანი. მაგრამ, ღვთის მოწყალებითა და ქრისტეს ვნებებით, ამაღლდებიან ზეცად მორწმუნენი და იქნებიან სიყვარულითა და სულით ერთობაში ღმერთთან; ამიტომ ვეცადოთ აღვასრულოთ ღვთის ნება, რათა ჭეშმარიტად ავმაღლდეთ ასეთ დიდებულ სიმაღლემდე.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ყოველგვარი მოწყალებისა და სიკეთისაო, ნუ მოგვაკლებ წყალობას და ნუ გაგვირისხდები, არამედ მოგვიტევე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011