28 ოქტობმერი, 2022 , პარასკევი
(ძვ. სტილით 15 ოქტობმერი)
ღირსისა ექვთიმე ახლისა, თესალონიკ. (†889); რირსმოწამისა ლუკიანე ანტიოქიელი ხუცისა (†312); ათანასე აღმსარებელისა, კოვროვსკელი ეპისკოპოსისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უფრთხილდება უფალი მართლის ძვლებს„უფალი იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება“ (ფს. 33:21)ნუ შეშინდებიან მართალნი. ყოვლისმხედველი ღმერთი უყურებს მათ. და განა ყოვლისმხედველ ღმერთს რამე გამორჩება ან დაავიწყდება? საყოველთაო აღდგომის დღეს იგი შეანაწევრებს სხეულის ყველა ნაწილს და დიდებით აღადგენს. ქრისტიანობის მდევნელები წამებულთა სხეულებს ზღვაში ყრიდნენ, ან ღრმად მარხავდნენ ორმოში, ან ველზე ტოვებდნენ, რათა ფრინველებს დაეჯიჯგნათ. მაგრამ უფალი თავისი განგებით იმგვარად წარმართავდა მოვლენებს, რომ წმინდა ნაწილები მორწმუნეთა ხელში მოხვედრილიყო. მათ ძვირფას კიდობნებში ათავსებდნენ, მათ წმინდა ნაწილებზე ტაძრები იგებოდა, მათი საშუალებით სასწაულები აღესრულებოდა. ასე ნებავდა ღმერთს, რათა მორწმუნეთათვის ეჩვენებინა, ერთი მხრივ, ის, რომ უფალი იცავს მართალთა ძვლებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ განადიდა ისინი ცათა სასუფეველში, რის შესახებაც ამქვეყნიურ ეკლესიას წმიდა ნაწილებისგან გამოვლენილი სასწაულებით ეცნობება. სასწაულმოქმედი წმიდა ნაწილები მართალთა საყოველთაო და დიდებული აღდგომის ერთგვარი წინასწარმაცნეა. დანაწევრებულიც რომ იყოს ან დამწვარი წმინდანთა სხეულები, ეს ხელს ვერ შეუშლის ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ საყოველთაო აღდგომისას გაფანტული მტვრისგან შეკრიბოს და აღადგინოს ისინი. „...და თქვენი თავიდან თმის ღერიც არ დაიკარგება“ (ლუკ. 21:18), – ბრძანებს მაცხოვარი. თუ ძვლებში იგულისხმება საქმეები, იცოდე, რომ უღმრთოთა საქმეები კვამლივითაა, ხოლო მართალთა საქმეები ძვლებივით მყარია და ძლიერი. ღმერთი მათ იცნობს, ღმერთი მათ ინახავს, რათა, როგორც ძვირფასი მარგალიტი, წარადგინოს ისინი საყოველთაო აღდგომისას ანგელოზთა და კაცთა წინაშე.ჰოი, ღმერთო, ყოვლისმხედველო, მართალთა მეუფეო და მცველო, განამრავლე ჩვენი კეთილი საქმეები შენი წმიდა სულით, რომლის გარეშეც არანაირი კეთილი საქმე არ აღესრულება და გვაცხოვნე ჩვენ შენი მოწყალებით და არა – ჩვენი საქმეების მიხედვით. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ. წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011